3R-ის ინიციატივა

    


   2005 წელს, იაპონიაში ოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია  3R-ის ინიციატივის დანერგვასთან დაკავშირებით. მომდევნო წლის მარტში (2006 წელი) ქ.ტოკიოში,  შეიკრიბა  მსოფლიოს 20-ზე მეტი სახელმწიფოს წარმომადგენელი 3R-ის ინიციატივის განსახილველად. შეხვედრაზე მიიღეს რეზოლუცია, რომელიც შეხვედრაში მონაწილე ქვეყნების მთავრობებს და დაინტერესებულ მხარეებს ავალდებულებს ხელი შეუწყონ 3R-ის ინიციატივის  დანერგვას ადგილობრივ,  რეგიონულ და ეროვნულ დონეზე, ასევე მის პოპულარიზაციას მსოფლიოში.
    დღეისათვის 3R-ის ინიციატივის საფუძვლად უდევს ნარჩენების მართვის ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებს მსოფლიოში. 
ტერმინი - 3R შესაბამისი სამი სიტყვის (ანუ იმ სამი ქმედებისა, რომელიც ყველაზე მთავარია ნარჩენების მართვის პროცესში) პირველი ასოების ერთობლიობას წარმოადგენს. ესენია: Reduce – შემცირება; Reuse – ხელახალი გამოყენება; Recycle – რეციკლირება ანუ გადამუშავება. 
    ნარჩენების შემცირება (Reduce) გულისხმობს, ნაკლების ყიდვას და შესაბამისად ნაკლების მოხმარებას. ნარჩენების შემცირება არის პროცესი ან პოლიტიკა, რომლის დროსაც ხდება ცალკეულ ადამიანთა ან მთლიანად საზოგადოების მიერ წარმოქმნილი ნარჩენების რაოდენობის შემცირება. სხვანაირად რომ ვთქვათ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შეივიძინოთ ოპტიმალური რაოდენობის როგორც პროდუქტი, ასევე სხვა საქონელი, რითაც თავიდან ავიცილებთ ნარჩენების წარმოქმნას. ნარჩენების შემცირების გარდა, ამ პროცესში ასევე იგულისხმება მოხმარებული ენერგიისა და რესურსების შემცირებაც.
   ნარჩენების ხელახალი გამოყენება (Reuse) გულისხმობს უკვე მოხმარებული ნივთების მეორად გამოყენებას. ეს შეიძლება იყოს ნივთების იგივე ან სხვა დანიშნულებით გამოყენება. საჭირო და კარგ მდგომარეობაში მყოფი ნივთების გაცვლა ან ხელახალი გამოყენება, მათი ტექნოლოგიური გადამუშავების გარეშე ზოგავს დროს, ფულს,  ენერგიას და რესურსებს. ხელახალი გამოყენების კლასიკური მაგალითებია: მინის ბოთლების ჩაბარება საწარმოში სადაც მას ხელახლა იყენებენ პროდუქციის ჩამოსასხმელად, ავტომობილების და მათი ნაწილების ხელახალი გემოყენება, მეორადი ტანსაცმლით სარგებლობა და სხვა.
    ნარჩენების რეციკლირება ანუ გადამუშავება (Recycle) ნარჩენების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების მთავარი კომპონენტად ითვლება და გულისხმობს გამოყენებული ნივთის ან ნარჩენის ტექნოლოგიურ გადამუშავებას სხვა პროდუქტად. ამ კომპონენტს უდიდესი ყურადღება ექცეოდა საერთაშორისი დონეზე ჯერ კიდევ, 3R-ის ინიციატივის  დანერგვამდე. რეციკლირების შედეგად მცირდება ნედლი მასალის ან რესურსის მოხმარება, რაც თავის მხრივ ზოგავს ენერგიას, ამცირებს ჰაერის და წყლის დაბინძურებას (ნაგავსაყრელებიდან) და ა.შ. დღეისათვის ფართოდ მოხმარებული ნივთების უმეტესობა გადამუშავებას ექვემდებარება. 2003 წელს ევროკავშირში მიღებულია სპეციალური კანონი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს ავალდებულებს დაახარისხონ კონკრეტული 7 სახის ნარჩენი და გააგზავნონ ისინი შესაბამის ადგილებში რეცილკირებისთვის. ეს მასალებია: ალუმინი,  მუყაო,  მინა,  ქაღალდი,  პლასტმასი,  ფოლადი,  ხის ნაკეთობა.
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ლიტერატურაში სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება ტერმინი 4R. რაც გულისხმობს მეოთხე პრინციპს - შეცვლას (Replace), რომელიც მოგვიწოდებს შევცვალოთ ცელოფნის პაკეტები ქაღალდით, პლასტმასის ბოთლები და ჭურჭელი- მინის ჭურჭლით, არ გამოვიყენოთ ერთჯერადი მოხმარების საგნები და ა.შ.
სამწუხაროდ, 3R-ის ინიციატივის  წარმატებით შესრულების დროსაც კი რჩება ისეთი ნარჩენები, რომლებსაც ვერც გადავამუშავებთ და ვერც ხელახლა გამოვიყენებთ. ამიტომ ნარჩენების მართვაში 3R-ის  გარდა დამატებითი კომპონენტებიც არსებობს. ყველა ეს კომპონენტი ერთად აღებული ქმნის ე.წ. “ნარჩენების იერარქიას”, რომლის საფუძველი მაინც 3R-ის ინიციატივაა.

Комментариев нет:

Отправить комментарий